„ევროპელი სოციალისტები“ - ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
„ევროპელი სოციალისტები“ - ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართავს.

„თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ვითარების გამოსასწორებლად, საქართველოს მოსახლეობა გაზაფხულზე აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები და აამოქმედოს ყველა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლაც და ყველა უცხოელს, ყველა მსურველს მისცეს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, ბუნებრივია, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა არსებული რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, სამი თვით მაინც.

„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი და სწორედ ამით არის გამოწვეული მისი უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ, ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

„დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. მით უმეტეს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიიდან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები. უნდა მოხდეს საბანკო განაკვეთების მაქსიმალური ლიბერალიზაცია და იგი უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას“, — აცხადებენ „ევროპელი სოციალისტები“.

პარტიაში თვლიან, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან ერთად უნდა გადახედოს ბანკების წლიური მოგების პროცენტულ ზღვარს.

„ბანკების მიერ მოზიდული სესხი და საკრედიტო რესურსები, გაცემული სესხები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო ნორმებს და მათი წლიური მოგება არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. მაგალითისთვის, თუ ბანკი კრედიტს იღებს 6% -ად, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 7,4% -ს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ ვითარებას, რაც გამოწვეულია პანდემიით, მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა მოსახლეობას უნდა შესთავაზოს, მინიმუმ, პანდემიის დასრულების პერიოდამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტები“ პრესსამსახური ავრცელებს.