„ევროპელი სოციალისტები“ - დროა, ხელისუფლებამ აუცილებელ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც უდავოდ შექმნა პანდემიამ და დესტრუქციული ძალების მოქმედებამ
„ევროპელი სოციალისტები“ - დროა, ხელისუფლებამ აუცილებელ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც უდავოდ შექმნა პანდემიამ და დესტრუქციული ძალების მოქმედებამ

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განაგრძობს ხელისუფლების ოპონირებას კონსტრუქციულ ჭრილში.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მმართველ ძალას გავუწიოთ მაქსიმალურად ჯანსაღი ოპონირება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე და არის სახელმწიფოსთვის ძირითადი გამოწვევა.

კერძოდ, მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებების განხორციელება მომავალი არჩევნების უფრო გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩასატარებლად. საფიქრალია, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა და ვინ განახორციელებს ამის პროგრამულ უზრუნველყოფას? იგი უნდა იყოს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ერთობლივად აღიარებული.

სერიოზული პრობლემები არსებობს განათლების დარგში და კერძოდ, მეცნიერებათა აკადემიაში და ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან იგი მაქსიმალურ მხარდაჭერას საჭიროებს. აუცილებელია მკვეთრად გაიზარდოს მეცნიერებათა აკადემიის როლი მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, რათა დაიბრუნოს ის სტატუსი და როლი, რომელიც მას ჰქონდა ოდითგანვე და იყო საქართველოს განათლების სიმბოლო.

ასევე, საყოველთაოდ ცნობილია სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სერიოზული პრობლემები, რაც უპირველესად გამოიხატება სოფლების დაცლაში, და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შრომითი რესურსის ქვეყნიდან გადინებაში, რისი აღდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია, ამ პრობლემების მიმართ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ მიიღოს რადიკალური ზომები, რაც ასევე შეიძლება გამოიხატოს საკადრო პოლიტიკაში ცვლილებებით.

ამასთანავე, კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში არსებული სამართლებრივი გადაცდომები საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. ის ზარალი, რასაც აყენებს აღნიშნული კომისია სახელმწიფოს ბიუჯეტს დღეს და ჩვენი ინფორმაციით, მიაყენებს მომავალში არის საყურადღებო. სახელმწიფო არ ატარებს ქმედით ნაბიჯებს და თითქოს ვერ ხედავს არსებულ პრობლემებს. პირადად ჩვენი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი მწვავე განცხადება და ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან ნამდვილად არსებობს ინტერესი მეტი გამჭვირვალეობა მოეფინოს კომისიაში არსებულ მდგომარეობას.

აუცილებელია, თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების გატარება, რადგან ეს კანონი არის არაეფექტური და სრულიად შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ამასთანავე, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ იმ ხაზს, რომელიც უკვე გაჟღერდა მმართველი პარტიის მხრიდან, მედიატორის ჩართულობით გამართული მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ.

კერძოდ, ეს არის:

1. კანონის უზენაესობა

2. სამართლებრივი სახელმწიფოს შენება

3. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამის ქმედებები

დროა, ხელისუფლებამ აუცილებელ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რასაც ჰქვია ქვეყნის რთული ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, რაც უდავოდ შექმნა და გააღრმავა პანდემიამ და დესტრუქციული ძალების მოქმედებამ“, – აღნიშნულია განცხადებაში.