„ევროპელი სოციალისტები“ - დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება
„ევროპელი სოციალისტები“ - დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება

რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ინიციატივა საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, აინტერესებს საზოგადოებას და იმ 408 ადამიანის ჭირისუფალს, რომლბიც დაიღუპნენ ამ ომში, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღემდე ქართულ საზოგადოებას არა აქვს მკაფიო ინფორმაცია, თუ  რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

„რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ინიციატივა საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა და ამის აუცილებლობა ჩვენი პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გაჟღერდა პარლამენტის ტრიბუნიდან და მედიაში. ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და იმ 408 ადამიანის ჭირისუფალს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომში. პასუხი უნდა გავცეთ მათ ოჯახებს. გარდა ამისა, ეს სჭირდება ჩვენს მომავალს, ჩვენს ისტორიას იმისთვის, რომ იქ არ იყოს გაუგებრობის შავი ლაქები. ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ, მოგვიანებით ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არა აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ  რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში; ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ,  იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს.

მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, ჩვენი პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე – საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას. ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს, იმიტომ, რომ  ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – აცხადებენ „ევროპელი სოციალისტები“.