ევროპელი მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, პროცესში ევროპაც უნდა იყოს ჩართული - „ევროპა მთავარი მოთამაშეა, სასწორზე მისი უსაფრთხოება დევს“
ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინის მომავალი სამშვიდობო განვითარების შესახებ ყველა მოლაპარაკება შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ უკრაინასთან და ამ პროცესში ევროპაც იქნება ჩართული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა ევროკავშირის საგარეო მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ აქ ყველა ერთ პოზიციაზე ვართ. მინდა, გავიმეორო კიდევ ერთხელ: ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა პირველი პირობაა – ვლადიმერ პუტინმა დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიის ომი, ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და შემდეგ შესაძლებელია სამართლიანი მოლაპარაკებების გამართვა. ეს არის წინსვლის ერთადერთი გზა და ერთადერთი გზა, რომლითაც საიმედო მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გააკეთეს სხვა ევროპელმა დიპლომატებმაც.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენეგრადი აცხადებს, რომ მშვიდობა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.
„მშვიდობა უკრაინის გარეშე შეუძლებელია, ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს. ბევრი საუბარია სხვადასხვა მოლაპარაკებაზე. ამავდროულად, შვედეთს თავის გეგმაში მხოლოდ ორი პუნქტი აქვს: ეს არის უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. სწორედ ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რათა შევძლოთ განტოლების შეცვლა ისე, რომ რუსეთმა მოისურვოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, რადგან აშკარაა, რომ რუსეთი არ არის მზად სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენეგრადმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის თქმით კი, ევროპა ამ პროცესში მთავარი მოთამაშეა, რადგან სასწორზე სწორედ ევროპის უსაფრთხოება დევს.
„ჩვენ ვაფასებთ სამშვიდობო ძალისხმევას, მაგრამ ევროპა მთავარი მოთამაშეა, უკრაინის მთავარი მხარდამჭერი და, რა თქმა უნდა, სასწორზე ევროპის უსაფრთხოება დევს. ამიტომ ჩვენ ველით, რომ ჩვენთან კონსულტაციებს გამართავენ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.