„ევროპეისკაია პრავდა“ - უკრაინის გარეშე, მაგრამ საქართველოსთან: რატომ გადაწყვიტა კიევმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის იგნორირება
„ევროპეისკაია პრავდა“ - უკრაინის გარეშე, მაგრამ საქართველოსთან: რატომ გადაწყვიტა კიევმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის იგნორირება

უკრაინული მედია წერს, რომ ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე საქართველო წარდგება, ხოლო უკრაინა  – არა.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი არ მიემგზავრება ლონდონში, 3-4 დეკემბერს ნატო-ს ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად კიევში ისიც დაასახელეს, რომ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.

„თუმცა, საქართველო მაინც წარდგება ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე. ეს არ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ლონდონში გაემგზავრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც შეხვდება კოლეგებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეახსენებს. უკრაინა კი, ამას არ გააკეთებს“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ლიდერების ლონდონში შეხვედრის პარალელურად, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილია მაღალი დონის კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„ამ კონფერენციაზე დასასწრებად მკაცრი კრიტერიუმები არ არის დაწესებული. უკვე დადასტურებულია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი, ალიანსის რამდენიმე მაღალჩინოსანი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ჩაერთვება დისკუსიაში, სახელწოდებით -„ალიანსი გლობალური მომავლისთვის: ნატო-ს პარტნიორები“, – აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინული გამოცემის ცნობით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამ კონფერენციაზე მიიწვიეს, თუმცა ლონდონში გამგზავრებას არ აპირებს. მის ნაცვლად, კონფერენციაში უკრაინის ელჩი მიიღებს მონაწილეობას.