ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 174-18 მუხლი, რომლის თანახმადაც, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ვინაიდან კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების – კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.