ევროპაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შემთხვევების რიცხვი იზრდება
ორგანზაცია Planned Parenthood-ის ჯანმრთელობის ცენტრში, რომელიც მაიმიში მდებარეობს, სისხლის ანალიზი კეთდება. ორგანიზაცია უზრუნველყოფს პრევენციული ჯანდაცვის მომსახურებას, კონტრაცეფციის საშუალებებს, კიბოს სკრინინგს, ორსულობის ტესტებს, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 12 მაისს
ევროპაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა შემთხვევების რიცხვი იზრდება. მაგალითად, გონორეით ინფიცირებულთა რაოდენობა, 2015 წლის შემდეგ, 300 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი. ყველაზე გავრცელებული დაავადება კი ქლამიდიოზია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის უშვილობის რისკს. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ექსპერტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სექსუალური ურთიერთობების დროს მეტი პასუხისმგების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა გავრცელების ზრდასთან ერთად, ევროპაში მოსახლეობის იმ ჯგუფების სტრუქტურაც იცვლება, რომლებიც ამ დაავადებებით ყველაზე მეტად ზარალდებიან.
„დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თანამშრომლებმა დააფიქსირეს შემთხვევების მატება ჰეტეროსექსუალურ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, კერძოდ კი – ახალგაზრდა ქალებში. ეს, სავარაუდოდ, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლასა და სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში ბინადრობასთან არის კავშირში“, – განაცხადა ჩეხეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანა ზაკოუცკამ.

ჩეხეთის მაჩვენებლები ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ უფრო უკეთესია. თუმცა, ზაფხულის მოგზაურობები და სარისკო სექსუალური ქცევისკენ მიდრეკილება ინფიცირების უფრო მაღალ რისკსაც აჩენს. ექსპერტები ორალური სექსის დროსაც კი უწევენ რეკომენდაციას პრეზერვატივების გამოყენებას და რეგულარულ ტესტირებას -, თანაც ყოველ სამ თვეში ერთხელ. რისკი დონე უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვისაც რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ჰყავს.

არაკომერციული ორგანიზაცია Rozkoš bez rizika („სიამოვნება რისკის გარეშე“) უფასო ტესტირებას სთავაზობს როგორც სექს-მუშაკებს, ასევე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს. მაგალითად, ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ფესტივალზე, როგორც წესი, რამდენიმე ასეულ მონაწილეს ტესტავს ხოლმე.
სტატიის ავტორი: კლარა იესინოვა, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)
ფოტოს ავტორი: ჯონ რედლი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“