ევროპაში გვალვის გამო დამშრალ მდინარეებში ჩნდება „შიმშილის ქვები“ — გაფრთხილება წარსულიდან #1tvმეცნიერება
ევროპაში გვალვის გამო დამშრალ მდინარეებში ჩნდება „შიმშილის ქვები“ — გაფრთხილება წარსულიდან #1tvმეცნიერება

ძლიერი გვალვა ევროპაში მდინარეებს აშრობს, რის შედეგადაც, ჩნდება საუკუნეების წინ ამოტვიფრული ქვები, რომლებიც მომავალ თაობას მოსალოდნელი ძნელბედობის შესახებ აფრთხილებს.

გამოცემა Miami Herald-ის ცნობით, ადგილობრივები იუწყებიან, რომ დამშრალ მდინარეებში ჩნდება საუკუნეების წინანდელი ლოდები, რომლებსაც „შიმშილის ქვებს“ უწოდებენ.

ერთ-ერთი ასეთი ქვა ჩეხეთში, მდინარე ელბას ნაპირზე გამოჩნდა.

ლოდი 1616 წლით თარიღდება და მასზე გაფრთხილება გერმანულ ენაზეა ამოტვიფრული: „Wenn du mich seehst, dann weine“, რაც ასე ითარგმნება — „თუ დამინახავ, იტირე“.

2013 წლის კვლევაში ჩეხ მეცნიერთა ჯგუფი წერდა, რომ ეს ლოდები „მოჭედილია გაჭირვების წლებით და ისტორიისთვის დაკარგულ ავტორთა ინიციალებით; წარწერები გვაფრთხილებს გვალვის მძიმე შედეგებზე“.

„წერია, რომ გვალვებმა განაპირობა ცუდი მოსავალი, საკვების ნაკლებობა, მაღალი ფასები და ღარიბთა შიმშილი. ქვებზე მოხსენიებულია 1900 წლამდე არსებული გვალვები: 1417, 1616, 1707, 1746, 1790, 1800, 1811, 1830, 1842, 1868, 1892 და 1893 წლების“, — წერენ მკვლევრები.

ეს „ჰიდროლოგიური ღირსშესანიშნაობები“ ბოლოს ზედაპირზე 2018 წლის გვალვისას გამოჩნდა.

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევრის, ანდრეა ტორეტის განცხადებით, გვალვა, რომელიც ევროპას ამჟამად უტევს, შეიძლება ყველაზე უარესი იყოს გასული 500 წლის განმავლობაში.

9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ტორეტიმ აღნიშნა, რომ გასული 500 წლის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა 2018 წლის მსგავსი გვალვა, მაგრამ წლევანდელი ალბათ უარესია.

მისივე განცხადებით, დიდია იმის ალბათობა, რომ მშრალი გარემო პირობები მომდევნო სამი თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

ხშირ და ძლიერ გვალვებს სულ უფრო მეტი კვლევა უკავშირებს კლიმატის ცვლილებას. გლობალური ტემპერატურის მატება განაპირობებს ცვლილებებს ნალექებში და აორთქლების გაძლიერებას.

ევროპის გვალვის ობსერვატორიის მონაცემებით, ევროპის 47 პროცენტი გვალვის გამაფრთხილებელ პირობებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში ტენიანობის დეფიციტია; კონტინენტის 17 პროცენტი კი გვალვის მზადყოფნაშია, რაც ნიშნავს, რომ მცენარეულობა დასტრესილია.

ეს ქვები ერთადერთი დამალული რელიკვია არაა, რაც ევროპის მდინარეებში გვალვამ გამოაჩინა. ცოტა ხნის წინ, იტალიაში, მდინარე პოში წყლის შემცირებისას გამოჩნდა არქეოლოგიური საგანძური.

ივლისის ბოლოს, ასევე პოში მეთევზემ შენიშნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბი, რომელიც ექსპერტებმა გააუვნებელყვეს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.