ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ირანში ომის დაწყების პერიოდის ნიშნულს მიაღწია და, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, მეგავატ-საათზე 60 ევროს გადააჭარბა
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები ირანში ომის დაწყების პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. ICE-ს ბირჟის მონაცემებით, 20 ივლისს, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულებამ მეგავატ-საათზე 60 ევროს გადააჭარბა.
ფასების ზრდა უკავშირდება აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ახალ ესკალაციას და ჰორმუზის სრუტით ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებულ საფრთხეს.
კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ივლისში, შესაძლოა, დაახლოებით 9,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. წლიური კლება კი, შესაძლოა, დაახლოებით 2,5 მილიარდი კუბური მეტრი იყოს.
ფასების მატებისთვის დამატებით ფაქტორს წარმოადგენს მარაგების დაბალი დონე. 14 ივლისის მდგომარეობით, ევროპის გაზსაცავები მხოლოდ 52,8%-ით იყო შევსებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ათი პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ახლა ბუნებრივი აირის მარაგის შევსების ტემპები უფრო დაბალია. ამასთან, ზაფხულის კონტრაქტები ზამთრის კონტრაქტებზე ძვირად იყიდება. 17 ივლისის მდგომარეობით, სხვაობა საშუალოდ 2,4 ევროს შეადგენდა მეგავატ-საათზე. ბაზრის ასეთი სტრუქტურა ამცირებს მოვაჭრეთა კომერციულ ინტერესს საცავებში ბუნებრივი აირის წინასწარ ჩატუმბვის მიმართ და ზრდის რისკებს, რომ ევროპამ ზამთრისთვის საკმარისი მარაგების მომზადება ვერ შეძლოს.