ევროპას სიცხის მეოთხე ტალღა დაატყდა თავს, ხანძრები ისევ მძვინვარებს
ცეცხლის სტიქიასთან მებრძოლი მეხანძრეები (საილუსტრაციო ფოტო)
საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრის ახალი კერები არ ფიქსირდება, ხოლო საბერძნეთის კუნძულ პაროსზე ცეცხლის სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება. მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე, ევროპას სიცხის მეოთხე ტალღა დაატყდა თავს.
ესპანეთის ხელისუფლებამ ხანძრის გამო ევაკუირებულ ათობით ათას ადამიანს მადრიდის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლებში დაბრუნების ნება დართო. ესპანეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 150 კმ-ის დაშორებით ხანძრის აქტიური კერები ისევ არსებობს, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მაღალი ტემპერატურისა და ტყის ხანძრების რისკის გამო, განგაშის ნარინჯისფერი დონე საფრანგეთის 16 დეპარტამენტში გამოცხადდა. ჟირონდაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია, ძლიერმა ქარმა ცეცხლი კვლავ გააღვივა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურა 40 გრადუსის ფარგლებში, სულ მცირე, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ეგეოსის ზღვაში მდებარე საბერძნეთის კუნძულ პაროსზე კი ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება. სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ძლიერი ქარი ნაკვერჩხალს აღვივებს და ამდენად, ახალი კერების გაჩენის საფრთხე ისევ არსებობს. გასულ ღამეს ხუთი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ცეცხლის ლოკალიზების პროცესში, მეხანძრეებსა და მოხალისეებთან ერთად, რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენიც არის ჩართული.