ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავენ.

დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. საქართველოს შესახებ მომხსენებელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი იქნება. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

დებატების გამართვამდე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. დეპუტატების ინფორმაციით, აუდიენციის დროს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზების გარდა, ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობის უფრო ფართო სპექტრზე.

დეპუტატ გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის დეპუტატები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმით. მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ევროპარლამენტარებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ახლოს დგას ევროპარლამენტის ხედვებთან.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, ევროპელი კანონმდებლები ხაზგასმით უჭერენ მხარს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და პროცესების პარლამენტში გადატანას.

„დებატებში გამოჩნდება, რომ ყველა მხარე, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველა პარტიის წარმომადგენელი მხარს უჭერს საქართველოში უპირობო დიალოგის პროცესს, პროვოკაციების შეწყვეტას და მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას.​ ევროპარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის ვიზიტის დროს განხილული პუნქტები უნდა იყოს განხილული, შეთანხმებული, მაგრამ მათი მხრიდან არ არის რაიმე მოწოდება, რომელიმე პუნქტის მიმართულებით შესრულებაზე. ისინი საუბრობენ დიალოგის აუცილებლობაზე. ერთადერთი, რაზეც შემიძლია, ვთქვა ხაზგასმით, რომ ყველა ერთხმად თანხმდება, ეს არის პარლამენტის როლი და საპარლამენტო მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა, ამაზე ორი აზრი მე არ მომისმენია. სხვა დანარჩენ საკითხებზე არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, გარდა ამ პარლამენტში მუშაობისა, ასევე არ გამიგია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკული აზრი ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. პოზიცია არის ის, რომ საქართველოს ხალხის გადაწყვეტილი არჩევანი ვერ იქნება განხილული მოლაპარაკების მაგიდასთან და ამას ყველა აღიარებს, ვინაიდან ამოსავალი წერტილი არის სამართლის უზენაესობა და დემოკრატიის პრინციპები“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.​

ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა და 11 მარტს დასრულდება.