საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იგეგმება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იგეგმება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მიერ, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგები იყო.

თავდაპირველად, სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივან კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდს შეხვდა.

მოგვიანებით კი ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მარია არენასთან გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი მას თვალს აქტიურად ადევნებს.

მარია არენამ სახელმწიფო მინისტრს ასევე გაუზიარა, რომ 2020 წლის დასაწყისში, თემის სენსიტიურობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა თემაზე „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

„გაიმართა შეხვედრები ევროპის პარლამენტში, პარლამენტის წევრებთან. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო ის გამოწვევები, რომელიც ახლავს განგრძობით რუსულ ოკუპაციასა და გადაუჭრელ კონფლიქტს. მათ შორის მიმდინარე გამოწვევები, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი პატიმრობაში ყოფნა დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე ჩართულნი არიან. ასევე, იმ ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გადაკეტვა, რომელიც ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. ეს, პირდაპირი გაგებით, ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის მთლიანად რეგიონში და მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის რეგულარულ პრაქტიკაზე, რომელიც უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად, ჰუმანიტარულ გამოწვევებს ქმნის. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ მომავალში ევროკავშირის დღის წესრიგში ჯეროვნად იყოს ასახული კონფლიქტის მოგვარებისა და იმ ნაბიჯების აუცილებლობა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული. დღესვე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც შექმნილ ვითარებაზე დეტალური საუბარი გვქონდა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გადაწყვეტილია, ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯია, რომელიც ქართულ მხარესა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. დღევანდელი შეხვედრების ძალზე ხელშესახები შედეგია და რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქეთევალ ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში გრძელდება. იგი შეხვედრებს უკვე ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელ მარინა კუიუნძიჩთან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელჩ სოფი ფრომ-ემესბერგთან გამართავს.

ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.