ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ოთხ ადამიანს ბრალი წაუყენეს, მედიის ცნობით, დაკავებულია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი
ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, პროკურატურამ ოთხ ადამიანს ბრალი წაუყენა. მედიის ცნობით, 11 დეკემბერს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილისა და კიდევ სამ ადამიანს ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს ბელგიაში, კატართან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციაზე პოლიციის გამოძიების ფონზე.
„მათ ბრალი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ედებათ. გამომძიებელმა მოსამართლემ ორი პირი გაათავისუფლა“, – ნათქვამია ბელგიის პროკურატურის განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევა კაილისთან ერთად, ბრალი წარედგინათ მის საპარლამენტო მრჩეველს, ფრანჩესკო ჯორჯისა და ყოფილ იტალიელ სოციალ-დემოკრატ ევროპარლამენტარს, პიერ ანტონიო პანზერის. ბელგიელი ლობისტის ვინაობა, რომელსაც ასევე ბრალი წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს, არ გასაჯაროებულა.
სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს კაილის მამა და ლუკა ვისენტინი, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი სოციალისტი ევროპარლამენტის, ბელგიელი მარკ ტარაბელას სახლის დამატებითი ჩხრეკა ჩატარდა.
მედია წერს, რომ კაილიმ ცოტა ხნის წინ გააკეთა დადებითი კომენტარები კატარის შრომითი უფლებების შესახებ, ხოლო პირველ დეკემბერს მან და ტარაბელამ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს კატარის მოქალაქეებისთვის.
„კატარი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მცდელობას, დააკავშიროს ქვეყანა არასათანადო ქცევის ბრალდებებთან“, – აღნიშნულია ევროკავშირში კატარის საელჩოს განცხადებაში.
ბრალდების თანახმად, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარის ინტერესების გატარებას კორუფციული შეთანხმების საფუძველზე ცდილობდა.