ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში ევროკავშირის თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დებატები გაიმართა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ ევროპა ახლა ისტორიის „გადამწყვეტ მომენტშია“ და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო ევროკავშირი წარადგენს ამბიციურ გადაწყვეტილებებს თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება არ შეიძლება, განცალკევდეს ევროპის უსაფრთხოებისგან. თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების წესრიგი შეირყა და ბევრი ილუზია დაიმსხვრა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპამ უნდა აიღოს კონტროლი საკუთარ თავდაცვაზე, რადგან საფრთხეები სულ უფრო იზრდება. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს და დააჩქაროს თავისი სამხედრო წარმოება და რომ ამისთვის ახალი დაფინანსების უმეტესი ნაწილი შეიძლება მხოლოდ წევრი სახელმწიფოებიდან გამოიყოს.

„ინვესტიცია მიმართული უნდა იყოს ერთობლივ შესყიდვებზე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ზომა, რომ შევაჩეროთ ნებისმიერი მტრული ქვეყანა, გვაქვს ეკონომიკური ძალა და ახლა საბოლოოდ გვაქვს პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის მხარდაჭერა ევროკავშირის უფრო ძლიერი უსაფრთხოების მიმართ და მიესალმა ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელ დისკუსიებს ამ მიმართულებით. ბევრმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის უახლეს წინადადებებს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიისა და ევროკავშირის საზღვრების გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე ევროკავშირის სუვერენიტეტის დასაცავად. რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა კონკურენტუნარიანობისა და სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერების მნიშვნელობა და კრიტიკული ნედლეულისა და ენერგიის წყაროებზე დამოუკიდებელი წვდომის უზრუნველყოფა.