ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე დეპუტატისთვის, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, პეტრ ბისტრონისთვის იმუნიტეტის გაუქმებას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ულტრამემარჯვენე დეპუტატისთვის, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, პეტრ ბისტრონისთვის იმუნიტეტის გაუქმებას.
პეტრ ბისტრონი ევროპარლამენტში „სუვერენული ერების ევროპის“ ჯგუფის წევრია.
ევროპარლამენტის შესაბამის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცნობებს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ბისტრონისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა.
ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან 2022 წელს გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა ფოტომონტაჟი, რომელზეც გერმანელი პოლიტიკოსები ნაცისტური მისალმების ჟესტით იყვნენ გამოსახული. აღნიშნულ მომენტში ბისტრონი ბუნდესტაგის წევრი იყო.
ევროპარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ბისტრონის მონაწილეობით მოსმენები გამართა, რის შემდეგაც მისთვის იმუნიტეტის გაუქმებას მისცა ხმა. იურიდიულმა კომიტეტმა ბისტრონის პოლიტიკური დევნის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, ვინაიდან ის არ იყო ევროპარლამენტის წევრი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისთვის ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ ოფიციალური მოთხოვნით გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ ევროპარლამენტს 2024 წლის აგვისტოში მიმართა მიუნხენის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის საფუძველზე. ბისტრონს არაკონსტიტუციური და ტერორისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენებაში ადანაშაულებენ.