ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, თუ 25 ნოემბერს დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს.

დოკუმენტს ევროპარლამენტის 433-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 105-მა წინაღმდეგ მისცა ხმა, 30-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში „ვროპარლამენტის წევრები გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიის განზრახ აქტს და ითხოვენ, უკრაინელი მეზღვაურებისა და ხომალდების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

„მოვუწოდებთ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ 24 უკრაინელ სამხედროს არ გაათავისუფლებენ და ვითარების სამხედრო ესკალაცია მოხდება“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.