ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები, ოჯახები დაყოფილია. საავადმყოფოები განადგურებული, სახლები დანგრეული. სკოლები ნანგრევებად ქცეული. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი უნდა ეფუძნებოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტებსა და პრინციპებს.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ასევე რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, კერძოდ, ევროკომისიას და საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს, მხარი დაუჭირონ დროებით პროკურატურის შექმნას, რაც იქნებოდა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი მომავალი სპეციალური ტრიბუნალის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად.