ევროპარლამენტმა კარგი სავიზო ისტორიის მქონე ტურისტებისთვის შენგენის ვიზის გამარტივებული წესით მიღებას მხარი დაუჭირა
კარგი სავიზო ისტორიის მქონე ტურისტებისთვის შენგენის ვიზის გამარტივებული წესით მიღებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის. ევროპარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ კი, გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ინიციატივა ასევე გულისხმობს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას და არარეგულირებული მიგრაციული რისკების შემცირებას. შიდა საკითხების, მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ახალი წესები ხელს შეუწყობს ტურიზმს, ვაჭრობას და ბიზნესს, ასევე გააუმჯობესებს ურთიერთობას ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არარეგულარული მიგრანტების დაბრუნების და რეადმისიის კუთხით.
პროცედურების თანახმად, მოგზაურებს განაცხადის წარდგენა სასურველ თარიღამდე ექვსი თვით ადრე შეეძლებათ. ამჟამად ამ პროცედურისთვის დრო სამი თვეა. უმეტეს შემთხვევაში, განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა მოგზაურებისთვის საკუთარი ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი. შეძლებისდაგვარად, მოგზაურები განაცხადის შევსებას და ხელმოწერას ელექტონულადაც შეძლებენ. 6-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის შესაძლოა, სავიზო მოსაკრებელი გაუქმდეს. საერთო სავალდებულო წესების შედეგად, კარგი სავიზო ისტორიის მქონე ხშირ მოგზაურებს, მრავალჯერადი შესვლის ვიზის აღება შეეძლებათ, რომლის მოქმედება თანდათან, 1-დან 5 წლამდე გაიზრდება.