ევროპარლამენტმა ევროკავშირ-ჩინეთის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე განხილვები შეაჩერა
ევროპარლამენტმა ევროკავშირ-ჩინეთის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე განხილვები შეაჩერა

ევროპარლამენტმა ევროკავშირ-ჩინეთის შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე განხილვები შეაჩერა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მტკიცედ დაგმო ჩინეთის მიერ ევროპელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და თვითნებურად დაწესებული სანქციები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პეკინის აღნიშნულ ქმედებას ძირითად თავისუფლებებზე თავდასხმად აღიქვამს და ჩინეთს მათი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ევროპარლამენტი აჩერებს ინვესტიციების შესახებ ევროკავშირ-ჩინეთის ყოვლისმომცველ შეთანხმების(CAI) განხილვას.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, ყოვლისმომცველი შეთანხმების განხილვისას, მხედველობაში მიიღებენ ჩინეთში და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.

რეზოლუციის ტექსტს მხარი დაუჭირა 599-მა დეპუტატმა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 58-მა კი თავი შეიკავა.

მარტის თვეში ჩინეთმა ევროპული სტრუქტურებისა და პოლიტიკოსების, მათ შორის ევროპარლამენტის წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლა და ყოველგვარი საქმიანობა აუკრძალა. პეკინის ქმედება, ევროკავშირის მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ჩინეთის ოთხი ოფიციალური პირის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო რეაქციას წარმოადგენდა.