ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს თანამშრომლობას ეხება, დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს თანამშრომლობას ეხება, დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს თანამშრომლობას ეხება. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც. კერძოდ, ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭირონ მხარი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განმტკიცებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ სახელმწიფოებთან, ისევე როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში მდებარე პარტნიორებთან.

„ამის გარეშე რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაში, მჭიდრო პოლიტიკური და ოპერაციული ურთიერთქმედების შენარჩუნებით ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, ბოსნია და ჰერცოგოვინასთან, უკრაინასთან, საქართველოსთან, ხაზს ვუსვამთ, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციაში ევროდეპუტატები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი. ამავე დროს, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის მიერ გატარებული „რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული“ პოლიტიკის გამო.

„მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოოს თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიას და აქტივობებს, რომელიც მიმართულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ასევე რუსეთის აგრესიულ აქტივობას ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, აზოვის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დატოვე კომენტარი