ევროპარლამენტის წევრებმა თავმჯდომარის არჩევა ჯერ ვერ შეძლეს
ევროპარლამენტის წევრებმა თავმჯდომარის არჩევა ჯერ ვერ შეძლეს

ევროპარლამენტის წევრებმა პირველი რაუნდის შედეგად თავმჯდომარის არჩევა  ვერ შეძლეს. ხმების საჭირო რაოდენობა ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ დააგროვა. ხმის მიცემის მეორე რაუნდი დღეს გაიმართება.

გამარჯვებისთვის კანდიდატმა კენჭისყრისას ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ხმის მიცემის პირველი რაუნდის შედეგად, ყველაზე მეტი ხმა იტალიელმა, დევიდ სასოლიმ მოიპოვა, რომელმაც 325 ხმა მიიღო.   ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისთვის მას 332 ხმა სჭირდებოდა. მეორე ადგილზე კი, ჩეხეთის წარმომადგენელი იან ზაჰრადილი გავიდა, 162 ხმით.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის ასარჩევად სულ ხმის მიცემის ოთხი რაუნდის ჩატარებაა შესაძლებელი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანდიდატები, რომლებიც ყველაზე ცოტა ხმას აგროვებენ, არჩევნებს არ ეთიშებიან და შემდგომ რაუნდებში მონაწილეობენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და ჩეხეთის წარმომადგენლები არიან. მათგან ორი ქალია – გერმანიის წარმომადგენელი, „მწვანეების“ წევრი სკა კელერი და ესპანეთის წარმომადგენელი სირა რეგო, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფის „მემარცხენეების ევროპული გაერთიანების/ჩრდილოეთის მემარცხენე მწვანეების“ წევრია. ევროპარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ასევე იტალიელი სოციალისტი, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი დევიდ სასოლი და ჩეხეთის წარმომადგენელი, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ წევრი იან ზაჰრადილი.