ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პედრო სანჩესს აფრთხილებს, რომ ამნისტიის შესახებ სადავო კანონის გამო, შესაძლოა, ესპანეთი ევროკავშირის დაფინანსების გარეშე დარჩეს
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პედრო სანჩესს აფრთხილებს, რომ ამნისტიის შესახებ სადავო კანონის გამო, შესაძლოა, ესპანეთი ევროკავშირის დაფინანსების გარეშე დარჩეს

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს აფრთხილებს, რომ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ სადავო კანონის გამო, მადრიდი, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსების გარეშე დარჩეს.

როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ იუწყება, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ მურეშანმა ესპანეთის მთავრობის მეთაური გააფრთხილა, რომ ესპანეთის მთავრობის მხრიდან „კანონის უზენაესობაზე თავდასხმას“ შედეგები მოჰყვება.

„ევროპული სახსრები ესპანეთში მხოლოდ კანონის უზენაესობის დაცვის შემთხვევაში უნდა ხვდებოდეს. ამნისტიის შესახებ კანონი გახლავთ ევროპულ ნორმებსა და ღირებულებზე თავდასხმა. ჩვენ მოვედით კანონის უზენაესობის დასაცავად“, – განაცხადა მურეშანმა.

მისივე თქმით, ესპანეთს სჭირდება ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროპის ნდობას იმსახურებს.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება მას შემდეგ შეძლო, რაც მემარცხენეებისა და კატალონიელი სეპარატისტების ხმებიც მიიღო. ყველაზე რთული იყო შეთანხმება კატალონიელი სეპარატისტების პარტიასთან, რომელსაც კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი აკონტროლებს. სანჩესის პრემიერ-მინისტრად არჩევის სანაცვლოდ, ეს პარტია ყველა იმ პირის ამნისტიას ითხოვდა, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული რეფერენდუმის ორგანიზებისთვის იხდიდნენ სასჯელს. 13 ნოემბერს სანჩესის პარტიამ ამ პირთა ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტს წარუდგინა.