ევროპარლამენტის შენობაში უსახლკაროებს გადაიყვანენ. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ გააკეთა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან.
„მოქალაქეებთან სოლიდარობა ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ბრიუსელის მერიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებსა და საზოგადოების მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს დავუთმოთ“, – განაცხადა სასოლიმ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის სამზარეულოში ყოველდღიურად მომზადდება სადილი 1000 ადამიანისთვის, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ევროპის ძალა სოლიდარობაშია“, – განაცხადა სასოლიმ.
გასულ კვირას დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში საველე ჰოსპიტალი გაიხსნება.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.