ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად თუ არ შეიცვლება, არსებულ ვითარებაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად თუ არ შეიცვლება, არსებულ ვითარებაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკავშირსა და თურქეთს მოუწოდებს, გადალახონ არსებული ჩიხი და იპოვონ „პარალელური და რეალისტური ჩარჩო“ ურთიერთობისთვის.

„თურქეთის მთავრობის კურსი მკვეთრად თუკი არ შეიცვლება, ამჟამინდელ ვითარებაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში.

ანგარიშში ევროპარლამენტარები ადასტურებენ, რომ თურქეთი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატად, ნატო-ს მოკავშირედ და მთავარ პარტნიორად უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა და მიგრაციის საკითხებში. ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ თურქეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და დაიცვას ევროკავშირის კანონები, პრინციპები და ვალდებულებები.

ანგარიში მოუწოდებს თურქეთს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოახდინოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ერთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი არანაირად არ შეიძლება, იყოს დაკავშირებული მეორეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. „ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თითოეული ქვეყნის პროგრესი საკუთარ დამსახურებებზეა დაფუძნებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.