ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში პლენარული სესია დღეიდან იხსნება. სესიის ფარგლებში 9 მარტს ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. საქართველოს შესახებ მომხსენებელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი იქნება.

8-11 მარტს ჩანიშნულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს დელეგაცია. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭოროშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით დიდი ინტერესია. ბოჭორიშვილის თქმით, ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს მიაწვდის ობიექტურ სურათს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

ქართული დელეგაციის წევრის თქმით, ოფიციალური ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები აღმოსავლეთ პარტნიორების საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებთან. მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ასევე სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და გეგმებზე.

„სამშაბათს, 9 მარტს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. მოხსენებას გააკეთებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი. მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც განაცხადა მზაობა, შეასრულოს მედიატორის როლი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ამ პროცესებთან დაკავშირებით და ზოგადად შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში არის ძალიან დიდი ინტერესი. ევროპარლამენტარები დაინტერესებულები არიან, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. შესაბამისად, მათი მოთხოვნით, ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სამშაბათს დებატები დაეთმოს საქართველოს საკითხს და დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად იქნება. ჩვენ ბუნებრივია, მივაწვდით იმ ობიექტურ სურათს, რომელიც ქვეყანაში არის, იმ პროცესების შესახებ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი ევროკავშირთან. ბუნებრივია, ჩემი მიზანია, ეს დღის წესრიგი განვიხილო ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, ვიმსჯელოთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამ წუთას არსებული ვითარებით ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი, ვიმსჯელებთ იმ კომპრომისულ ვარიანტებზეც, რაც „ ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გაჟღერებული და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან ღია და გახსნილი მსჯელობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათი დახმარებითაც ჩვენ შევძლოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.