ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა

ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაიას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემია გადაეცა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის სვეტლანა ციხანოვსკაიას, მარია კოლენსიკოვას, ვერონიკა ცეპკალოს, ალეს ბელეცკისა და სტეპან პუტილოს.

ჯილდო ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს, სვეტლანა ციხანოვსკაიას და ვერონიკა ცეპკალოს გადასცა. სასოლის თქმით, ბელარუსმა ხალხმა აჩვენა, რომ ვერანაირი ავტორიტარიზმი ვერ შეაჩერებს ცვლილებებსა და ქვეყნის ისტორიის ახალ თავს.

თავად ციხანოვსკაიამ ჯილდოს დიდი პატივი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ყველა იმ ბელარუსის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ამ წელს ცვლილებებისკენ მისწრაფებით გაერთიანდნენ. „თავისუფლება – ეს შიშზე გამარჯვებაა“ – განაცხადა მან.

„მხოლოდ გაერთიანებულად შეგვიძლია სრულად დავძლიოთ შიში თავისუფლებისაკენ მიმავალ ჩვენს გრძელ გზაზე და ავაშენოთ ახალი ბელარუსი. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს ბელარუსს!“ – ციხანოვსკაია ჯილდოს მიღებას ამ განცხადებით გამოეხმაურა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.