ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს აშშ-თან დადებული სადავო საბაჟო შეთანხმების სრული განხორციელება
სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტართა დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამერიკული სამრეწველო საქონლისთვის იმპორტის გადასახადების გაუქმებას და სხვა ზომებს, მათ შორის ევროპულ ბაზარზე ამერიკული ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის უფრო ფართო წვდომის მინიჭებას.
მიღებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია დებულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირს შეუძლია, შეაჩეროს სავაჭრო შეღავათები იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები შეთანხმებას დაარღვევს. ასეთ დარღვევად შეიძლება, ჩაითვალოს ვაშინგტონის მიერ საბაჟო ტარიფების ხელახალი გაზრდაც.
გარდა ამისა, ევროკავშირში ელოდებიან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ ევროპულ სარეცხ მანქანებსა და სხვა იმ პროდუქციაზე, რომელიც ფოლადს შეიცავს, იმპორტის გადასახადებს მაქსიმუმ 15 პროცენტამდე შეამცირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი ამერიკულ პროდუქციაზე ანალოგიური ტარიფების დაწესებას განიხილავს.
ამავდროულად, იგეგმება ამ ზომების მოქმედების დასრულების კონკრეტული ვადის განსაზღვრაც.
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებს შორის წინასწარი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული სამრეწველო პროდუქციის იმპორტზე ევროკავშირის საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას და ამერიკული ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობებისთვის ევროპულ ბაზარზე უპირატესი წვდომის მინიჭებას, მაისის ბოლოს იყო მიღწეული.
როგორც ცნობილია, ამერიკული სამრეწველო საქონლისთვის იმპორტის გადასახადების ნულოვანი განაკვეთი 2029 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
ეს შეთანხმება წარმოადგენს 2025 წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული გარიგების ნაწილს და მიზნად ისახავს ევროკავშირის პროდუქციაზე ამერიკული ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის თავიდან აცილებას.
შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი ევროპულ პროდუქციაზე 15-პროცენტიან საბაჟო გადასახადებს შეინარჩუნებს თითქმის ყველა სექტორში, გარდა ფოლადისა და ალუმინის მიწოდებისა. ამ პროდუქტებზე 50-პროცენტიანი ტარიფი დარჩება.
თავის მხრივ, ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, გააუქმოს ტარიფები ყველა ამერიკულ სამრეწველო საქონელზე და გახსნას საკუთარი ბაზარი ამერიკული პროდუქციის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის ზღვის პროდუქტების, რძის ნაწარმის, ღორის ხორცისა და სოიოს ზეთისთვის.
დოკუმენტის საბოლოო ტექსტი ევროკავშირის მხრიდან საბოლოო დამტკიცებას საჭიროებდა, რაც ტრამპის მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა. რამდენიმე კვირის წინ მან ევროპელებს მოსთხოვა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები 4 ივლისამდე შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფების „გაცილებით მაღალ დონემდე“ გაზრდით დაემუქრა.
ევროპარლამენტის შემდეგ შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის აშშ ევროკავშირის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. მათი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30 პროცენტს შეადგენს.