ევროპარლამენტის 28 წევრმა „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს მიმართა
ევროპარლამენტის 28 წევრმა „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს მიმართა

ლგბტი უფლებების დაცვის საკითხში ევროპარლამენტის ჯგუფმა, რომელშიც 28 წევრი შედის, „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, საგარეო და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართა.

„დღეს, ჩვენმა 28 წევრმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ ჯოზეფ ბორელს წერილობითი სახით კითხვები დაუსვა საქართველოში, „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარი ძალადობრივი თავდასხმების შესახებ. ჩვენს წევრებს აინტერესებთ, რა დამატებითი ზომების მიღებას აპირებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა/კარლ ჰარცელი და საქართველოს ხელისუფლება“, – ნათქვამია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ევროპარლამენტის ჯგუფის მიერ ჯოზეფ ბორელისადმი გაგზავნილი წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა: „თბილისი პრაიდი“ დაგეგმილი იყო 1-5 ივლისს. 28 ივნისს ლგბტი ჯგუფმა წერილით მიმართა ხელისუფლებას და მონაწილეების მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. „ღირსების მარში“, რომელიც 5 ივლისს იყო დაგეგმილი, საბოლოოდ აიკრძალა. ექსტრემისტების მხრიდან შეიმჩნეოდა სიძულვილის და ძალადობის წაქეზება, რომლებიც თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და ჟურნალისტებს და რომლებმაც დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისი. ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს სახელმწიფოს მარცხს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხში და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დარღვევას. 1. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი შედგა 6 ივლისს. რა ქმედებების შესრულების ვალდებულება აიღო ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად? 2. რა ქმედებებს ატარებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომ მთავრობას დაეკისროს გამოძიების, დაპატიმრების და დასჯის ვალდებულება და არ დაუშვას ამგვარი სიტუაციის განმეორება მომავალში? 3. ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივი განცხადების გარდა, კიდევ რა ღონისძიებებია გათვალისწინებული, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები?“.

 

დატოვე კომენტარი