ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ბერძენი სამხედროები
ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ბერძენი სამხედროები

ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ორი ბერძენი სამხედრო. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. დოკუმენტი ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ბერძენი სამხედროები თურქეთის ციხეში უკვე თვეზე მეტია ბრალის წაყენების გარეშე იმყოფებიან.

ორი ბერძენი სამხედრო სასაზღვრო რაიონის პატრულირების დროს თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. ბერძნული მხარე აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა საზღვარი უამინდობის გამო შემთხვევით გადაკვეთეს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქი ან ბერძენი სამხედროების მიერ საზღვრის გადაკვეთის წინა მსგავსი შემთხვევები წარსულში ადგილზევე რეგულირდებოდა.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, სწრაფად დაასრულოს სასამართლო პროცესი, გაათავისუფლოს ორი ბერძენი სამხედრო და დააბრუნოს ისინი საბერძნეთში, ყურადღებით დააკვირდეს სამართალწარმოებას და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ევროპელი დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, სოლიდარობა გამოუცხადონ საბერძნეთს.