ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს კომიტეტის 56-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ რვამ მისცა ხმა, ექვსმა კი, თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების გაგრძელებას და აღიარებენ ქვეყნის ბოლოდროინდელ პროგრესს ყოვლისმომცელი ზოგადი რეფორმების განხორციელებაში, რომლებმაც საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია.
ამავე დროს, ევროპარლამენტის წევრები საქართველოს შეახსენებენ, რომ „გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარება დამოკიდებულია რეფორმების პროგრესის გაგრძელებაზე, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, მათ შორის, ინსტიტუტების კონტროლისა და ბალანსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და საარჩევნო რეფორმის მხრივ“.
ტექსტში ევროპარლამენტარები ასევე მიესალმებიან „ქართველი ხალხისა და სახელმწიფო ორგანოების საერთაშორისოდ აღიარებულ რეაგირებას „კოვიდ-19“-ის ეპიდემიაზე“, ასევე, პანდემიის დროს ქვეყნის სამედიცინო მუშაკებისა და ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, რაც დაეხმარა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემსუბუქებასა და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებაში.
ანგარიშში საქართველოში მედიაგარემო შეფასებულია როგორც „დინამიური და პლურალისტური, თუმცა ამავე დროს პოლარიზებული“. ევროპარლამენტის წევრები ხაზს უსვამენ მოახლოებული საარჩევნო კამპანიის დროს სარედაქციო დამოუკიდებლობის, კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების პროგრამებში პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქების მნიშვნელობას.
ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ მედიათავისუფლებაში ჩარევისგან, მედიამფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების აღძვრისგან და გადადგან ნაბიჯები, როგორც უცხოური, ისე შიდა აქტორების მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიების თავიდან ასაცილებლად.
რაც შეეხება მოსამართლეების შერჩევის პროცედურებს, ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ბოლო პროცესი არ იყო სრულ შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ადგილი ჰქონდა სერიოზულ ხარვეზებს. ისინი აღნიშნავენ დეპოლიტიზებული სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას ასახელებენ.
დოკუმენტის თანახმად, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს ვალდებულებების მკაფიო ელემენტებია და აუცილებელია მხარეებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.
ანგარიშში საუბარია ასევე რუსეთის მეირ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე.
ევროპელი დეპუტატები გმობენ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს რუსეთის მხრიდან, რომელიც ამჟამად აკონტროლებს აღნიშნულ რეგიონებს.
ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ „უკანონო ბორდერიზაციის“ გაგრძელება განსაკუთრებით საზიანოა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის კონტექსტში, რადგან ზღუდავს ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უფლებას, აუცილებელი სამედიცინო მომსახურებისადმი წვდომას და მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
„როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველოს სარგებლობს ევროკავშირთან ძალიან განსაკუთრებული პარტნიორობით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული ანგარიში არის ევროპარლამენტში ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერის გამოხატულება ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებებისადმი, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველომ განახორციელა ამბიციური რეფორმები და მიაღწია ბევრს ბოლო წლებში. საარჩევნო წლის განმავლობაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ერთმანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ მათი მიღწევები და მისწრაფებები არ ემსხვერპლოს შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას“, – განაცხადა საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს დასამტკიცებლად ევროპარლამენტს წარუდგენენ. პლენარულ სესიაზე კენჭისყრა სექტემბერშია დაგეგმილი.