ევროპარლამენტი რუსეთისა და აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციას არ გაგზავნის
ევროპარლამენტი რუსეთისა და აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციას არ გაგზავნის

ევროპარლამენტი რუსეთისა და აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციას არ გაგზავნის, – ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიისა და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის თანათავმჯდომარეების დევდ მაკალისტერისა და ლინდა მაკევენის განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი არ დააკვირდება საარჩევნო პროცესს რუსეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, არ შეაფასებს არც თავად პროცესს და არც არჩევნების შედეგებს. ამიტომ თუ რომელიმე დეპუტატი გამეგზავრება აღნიშულ ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლად, ის ამას მხოლოდ საკუთარი ინიციატივით გააკეთებს და არა ევროპარლამენტის სახელით.

„რუსეთის ოფიციალური ორგანიზაციების შეთავაზება საერთაშორისო დამკვირვებლების მგზავრობისა და განთავსების ხარჯების დაფარვის შესახებ ეწინააღმდეგება არჩევნებზე დაკვირვების ძირითად ეთიკას“, – აღნიშნავენ ევროპარლამენტის დეპუტატები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის ოფიცალური პოზიცია აზერბაიჯანის არჩევნებთან დაკავშირებით ასახული იქნება ევროკავშირსა და ბაქოს შორის ურთიერთობების შესახებ ანგარიშში, რომელსაც ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღებენ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება, აზერბაიჯანში კი – 11 აპრილს.