ევროპარლამენტი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებაზე რეზოლუციას დღეს განიხილავს
ევროპარლამენტი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
დოკუმენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ უწყებებს ანალოგიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ევროპარლამენტი ვენესუელის კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს და მის სამოქმედო გეგმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.
ნიკოლას მადუროს მთავარმა ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ქვეყნის ეროვნული ასამბლეის ლიდერს მალევე დაუჭირეს მხარი რიგმა სახელმწიფოებმა და ლათინური ამერიკის ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და საქართველო.