ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. შესაბამის რეზოლუციას ევროპარლამენტის 574 წევრმა დაუჭირა მხარი, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. შესაბამისად, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტობის მოქმედი ვადა ამოეწურება. ლუკაშენკოს მოქმედი ვადის უფლებამოსილება 5 ნოემბერს ეწურება.

რეზოლუცია მიესალმება საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, როგორც ბელარუსი ხალხის დროებით წარმომადგენელს.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბელარუსის ბევრი მოქალაქე სვეტლანა ციხანოვსკაიას საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად და ბელარუსის რეალურად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს.

ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების გარდა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, განიხილოს „შავ სიაში“ რუსეთის იმ მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობაც, რომლებიც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერაში არიან ჩართული.

ამას გარდა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას, შეაჩეროს ბელარუსის მთავრობის ფინანსური დახმარება და გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა.

დატოვე კომენტარი