ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს ევროპული მისწრაფებები
ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს ევროპული მისწრაფებები

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები – ამის შესახებ საუბარია ანგარიშში ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესახებ, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით 2017 წლის ნოემბრის სამიტის წინ.

ანგარიშს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ეყარა კენჭი და მას მხარი დაუჭირა 519 დეპუტატმა, 114-ის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურს.

„ანგარიში ასახავს საქართველოსთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლისა და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამის გრძელვადიან მიზნებს დასახავს.

„ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვისმრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.