ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოდის
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღეს.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტარები ითხოვენ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის საერთაშორისო გამოძიებას ევროკავშირის, გაერო-ს, ევროსაბჭოსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მონაწილეობით.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან დამნაშავეების დასადგენად და მიაწოდოს ორგანიზაციას სრული ინფორმაცია „ნოვიჩოკის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში ევროპელი დეპუტატები ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მილსადენის პროექტის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი, რომ 21 სექტემბრის სხდომაზე ნავალნის საკითხთან დაკავშირებით აქტიური პოზიცია დაიკავონ.

მიღებული რეზოლუცია რეკომენდაციული ხასიათისაა.

დოკუმენტს 532 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ევროპარლამენტის 84-მა წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 72-მა კი თავი შეიკავა.