ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა საქართველოს შესახებ დაბალანსებული ანგარიშის მომზადებისთვის ანდრეს მამიკინსს მადლობა გადაუხადა
ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა საქართველოს შესახებ დაბალანსებული ანგარიშის მომზადებისთვის ანდრეს მამიკინსს მადლობა გადაუხადა

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა მამიკინსს საქართველოს შესახებ დაბალანსებული ანგარიშის მომზადებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის გამო მიაღწიეს.

„10 წლის წინ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რაზე ვისაუბრებდით დღეს. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 10-წლიანი ოკუპაციის შესახებ მივიღეთ, ევროპული სკოლა. ესენია უდიდესი გამოწვევები და მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა მამიკინსს დაბალანსებული ანგარიშის მომზადებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის გამო. ვგმობთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ტერმინი გამოიყენა ევროპარლამენტმა. ბატონო ევროკომისარო, იმედი გვაქვს, თქვენი ორგანოც მოგვბაძავს“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.