ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით 32 ევროპელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით 32 ევროპელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შეშფოთებული არიან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვათა განცხადებებით, რომ მზია ამაღლობელი ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს“.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვითხოვთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, მისი კოლეგა ჟურნალისტებისა თუ ყველა იმ პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან იმ დარბევის შედეგად, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 69 დღეა, გრძელდება, და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა. ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა, გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ, შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვათა განცხადებებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ჩვენ არ ვტყუვდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებულის“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ. ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს ევროატლანტიკური გზის გარშემო არსებული ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადატანას, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა.
ქართველი ხალხი არ გაჩუმდება, არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 32 ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის“ დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხალე როთი, ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ამერიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი.