ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა – სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ, ვიდრე ევროკავშირი ნაბიჯებს გადადგამს? 

23:25, 25.11.2026

საქართველომ კურსი შეიცვალა, ქვეყანაში დემოკრატიას სისტემატურად ახშობენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც მიმდინარეობს დებატები რეზოლუციის პროექტზე – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, არ უნდა დაუშვან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს.

„კიდევ რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ? კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, ვიდრე ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს? მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ევროპის გზაზე დააყენა, ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმა იმყოფება. ოპოზიციის აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან – ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარი აღრიცხა. ეს სია სრული არ არის.

საქართველომ კურსი შეიცვალა. ახლა ის რუსეთის გავლენისკენ მიემართება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო კაპიტალის მოძრაობის ადგილად იქცევა, ქვეყანაში კი დემოკრატიას სისტემატურად ახშობენ. დროა, დავასრულოთ დეკლარაციების გაკეთება. მოვითხოვ პერსონალური სანქციების დაწესებას ივანიშვილის ოჯახის წევრების, მისი პოლიტიკური და ბიზნესგარემოცვის წინააღმდეგ, მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეების ნებისა და მათი ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკმა.

მსგავსი