ევროპარლამენტარი მალგოჟატა გოშევსკა – ჩვენ არაერთხელ გავეცით მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპული რეზოლუციის იგნორირებას ახდენს
ჩვენ არაერთხელ გავეცით მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპული რეზოლუციის იგნორირებას ახდენს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოში კრიზისი არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალურია“.
„ვსაუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც კვლავ ახსოვს ცრემლსადენი გაზის სუნი, და როგორც საქართველოს მეგობარი. კრიზისი საქართველოში არ არის პოლიტიკური, არამედ კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ. ჩვენ არაერთხელ გავეცით მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპული რეზოლუციის იგნორირებას ახდენს. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერია და ის კვლავ ციხეშია კრემლის მიმართ ერთგულების გამოხატვის სახით. აშშ-მა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. მათ სახელი დაარქვეს: რუსი ჯაშუში. ჩვენ არ შეგვიძლია, რუსი ჯაშუშის პარტნიორები ვიყოთ. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ რეგრესს ვიხილავთ“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.