ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა – ახალგაზრდა ქართველები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ქუჩებში მათ სცემენ, აპატიმრებენ, სააკაშვილი ციხეშია, ის ნაწამებია, მოდით, შემოვატრიალოთ ეს პროცესი
საქართველოში ბევრი ადამიანი ციხეშია, ჟურნალისტები დაპატიმრებულები არიან, პროდემოკრატიული ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებები ნადგურდება, საქართველო ბოლო წლებში რუსული მოდელის მიხედვით ყალიბდება, ეს უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, კშიშტოფ ბრეიზამ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ევროპარლამენტიდან ძალიან კარგი ამბავი მივიღე. როგორც გაირკვა, ევროპარლამენტმა აკრძალა პრორუსული ქართული პროპაგანდისტული მედია და პროპაგანდისტები, რომლებიც ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს უჭერენ მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მე არაერთხელ მოვუწოდე ამისკენ რობერტა მეცოლას ჩემს მიმართვებში, რადგან მედია აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიის განადგურებასა და ადამიანების განადგურებაში. საქართველოში ბევრი ადამიანი ციხეშია, ჟურნალისტები დაპატიმრებულები არიან. პროდემოკრატიული ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებები ნადგურდება. საქართველო ბოლო წლებში რუსული მოდელის მიხედვით ყალიბდება. ეს უნდა შეჩერდეს და მე ღრმად მჯერა, რომ მოსკოვის ლაქიის, ორბანის დამარცხების შემდეგ უნგრეთში ევროკავშირი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა იბრძოლოს საქართველოს პროევროპული მომავლისთვის. საქართველო ამისთვის ყოველდღე იბრძვის. ახალგაზრდა ქართველები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ქუჩებში მათ სცემენ, აპატიმრებენ. სააკაშვილი ციხეშია, ის ნაწამებია. გავიხსენოთ, რა თქვა გარდაცვლილმა ლეხ კაჩინსკიმ „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები. პოლონეთი“. მოდით, შემოვატრიალოთ ეს პროცესი. უნგრეთის შემდეგ შემოვატრიალოთ ეს პროცესი და ისიც გავიხსენოთ, რომ ანჯეი პოჩობუტი გათავისუფლებულია. ანჯეი პოჩობუტი თავისუფლების გმირი და თავისუფალი ბელარუსის გმირია. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ანჯეი პოჩობუტს 2025 წლის სახაროვის პრემია გადაეცა მზია ამაღლობელთან ერთად, გმირ ჟურნალისტთან, რომელიც მხოლოდ დემონსტრაციაზე სტიკერის გაკვრისთვის არის დაპატიმრებული. აბსურდია. ჟურნალისტებს სცემენ, აწამებენ და აპატიმრებენ. ამიტომ დავუდგეთ გვერდით თავისუფალ საქართველოს“, – განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.