ევროპარლამენტარი კრისტიან ​ტერეში - დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს
ევროპარლამენტარი კრისტიან ​ტერეში - დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატო-სთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ​ტერეშმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ტერეშმა სამწუხარო უწოდა განცხადებებს, რომლებიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებმა გუშინდელ შეხვედრაზე გააკეთეს.

მისივე თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველო ქულების დასაწერად არ უნდა გამოიყენონ.

„ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ქართველი ხალხის ერთიანობას, ვინაიდან რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკაა იპოვონ გზები, არგუმენტები, რათა ხალხი და საზოგადოება გაყონ. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიებს მიეკუთვნებიან, თქვენ გაქვთ ერთი ქვეყანა, სხვა ქვეყანა არ გაქვთ, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ, მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა იმის გამო, როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. დასანანია ჩემთვის ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს, იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ხდება მგრძნობიარე თემებისა და დეტალების გათვალისწინების გარეშე. არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, გამოიყენოს საქართველო, როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატო-სთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები, ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება, უნდა გადაწყდეს შიგნით. არ არის მიზანშეწონილი არც ერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკოს ქვეყანა და არ იცოდეს რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი“, – განაცხადა კრისტიან ტერეშმა.

დატოვე კომენტარი