ევროპარლამენტარი კატი პირი - საქართველომ გაატარა ამბიციური რეფორმები და ბევრს მიაღწია, ევროპარლამენტის ანგარიში მიესალმება საქართველოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს
ევროპარლამენტარი კატი პირი - საქართველომ გაატარა ამბიციური რეფორმები და ბევრს მიაღწია, ევროპარლამენტის ანგარიში მიესალმება საქართველოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველომ გაატარა ამბიციური რეფორმები და ბევრს მიაღწია, – ეს განცხადება ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა, კატი პირიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

კატი პირიმ ესტონელი ევროდეპუტატის და ამ საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის განცხადება წაიკითხა.

„როდესაც ჩვენ განვიხილავთ ანგარიშს, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, მინდა გაგახსენოთ, რომ ასოცირების შეთანხმება გახლავათ კომპლექური ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს – პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერა ეფუძნება პრინციპს „მეტი მეტისთვის“ და ითვალისწინებს რეფორმებს ყველა სფეროში“, – აღნიშნა კატი პირიმ.

მისი თქმით, საქართველომ გაატარა ამბიციური რეფორმები და ბევრს მიაღწია.

„აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და ქართველი ხალხიც უჭერს მხარს. ანგარიშში ასევე კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიზანია საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზართან და მოუწოდებს ევროკომისიას, იყოს უფრო აქტიური ამ ამოცანის წინ წაწევასა და მიღწევაში. პოლიტიკური ცხოვრება საქართვლოში აქტიური და დინამიურია. შემაშფოთებელი ტენდენცია არის პოლიტიკური სცენის მზარდი პოლარიზაცია. ეს ანგარიში ხაზს უსვამს პოლიტიკური დისკურსის დეესკალაციის საჭიროებას და რეფორმების გაგრძელებას, რათა გარანტირებული იყოს მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა. ცოტა ხნის წინ საქართველომ ნახა მთავრობასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის დაძაბულობის პერიოდი, რაც უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც შექმნილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში პროპორციულ წარმომადგენლობის გაზრდისა და იმედია, უფრო მეტად პლურალისტული პოლიტიკური დისკურსის უზრუნველსაყოფად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანგარიში ხაზს უსვამს მედიათავისუფლების დაცვის საჭიროებას და საარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა პარტიისთვის მედიასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას“, – აღნიშნა კატი პირიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, თუ პანდემიიდან გამომდინარე ამის შესაძლებლობა იქნება, ევროპარლამენტმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა გაგზავნოს. კატი პირიმ ასევე ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და მჯერა, რომ თუ „კოვიდ-19“-ის პანდემია ამის საშუალებას მოგვცემს, ევროპარლამენტმა ასევე უნდა გაგზავნოს მონიტორინგის მისია საქართველოში. ანგარიში მიესალმება საქართველოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ საერთაშორისოდ აღიარებულ ნაბიჯებს და ასევე ხაზს გავუსვამდი ამ კრიზისის დროს საქართველოსა და ევროკავშირის სამაგალითო თანამშრომლობას. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებისას ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 1/5 კვლავ ოკუპირებულია. ასობით ათას ადამიანს სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვს და მათი ფუნდამენტური უფლებები იზღუდება. ამასთან ერთად, საქართველო კვლავ არის რუსეთის ჰიბრიდული აქტივობის სამიზნე. ანგარიში გმობს მიმდინარე პროვოკაციებს და ბორდერიაზაციას, რომელიც გრძელდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. და ბოლოს, ამ ანგარიშს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. მომხსენებელი მადლობას უხდის ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კატი პირიმ.