ევროპარლამენტარი ჟელიანა ზოვკო - აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის პოლიტიკური სიგნალი გაგზავნილია იმით, რომ მივიღეთ უკრაინის სურვილი, მხედველობაში გვაქვს მოლდოვასა და საქართველოს განაცხადიც
ევროპარლამენტარი ჟელიანა ზოვკო - აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის პოლიტიკური სიგნალი გაგზავნილია იმით, რომ მივიღეთ უკრაინის სურვილი, მხედველობაში გვაქვს მოლდოვასა და საქართველოს განაცხადიც

ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ყველაზე მთავარი და სიმბოლური გზავნილია, რომ ისინი არიან სამეზობლო, რომელთა გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ვმსჯელობთ, რაც მაგალითად, გუშინ წინადადების სახით მაგიდაზე საერთოდ არ იდო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჟელიანა ზოვკომ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაფართოება ყოველთვის ემსახურება სტაბილურობას, მშვიდობასა და მოქალაქეების კეთილდღეობას.

„აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის პოლიტიკური სიგნალი გაგზავნილია იმით, რომ მივიღეთ უკრაინის სურვილი, გახდეს კანდიდატის სტატუსის მატარებელი, მხედველობაში გვაქვს მოლდოვასა და საქართველოს განაცხადიც. ახლა წევრი სახელმწიფოები ევროკომისიისგან ელოდებიან შეფასებას არსებულ სტატუსთან დაკავშირებით. ვნახავთ კომისიის შეფასებას, სახელმწიფოებში რა საჭიროებებია დასაკმაყოფილებელი, რომ გარანტირებული იყოს კანდიდატის სტატუსი. უნდა გვესმოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების გარდა, გვყავს დასავლეთ ბალკანეთიც და ნებისმიერი გაფართოება დაფუძნებული იყო რეგიონის სტაბილურობასა და გაფართოებაზე. ევროკავშირის დაარსების დღიდან, ევროკავშირი იყო სტაბილურობისა და მშვიდობის პროექტი. ასე რომ, ყოველთვის არის ეს გზავნილი, რომ გაფართოება ყოველთვის ემსახურება სტაბილურობას, მშვიდობასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. ამის ნაწილია მოთხოვნებიც, რომ წევრობის მსურველმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები.

გაფართოება ვერ მოხდება შიდა რეფორმების გატარების გარეშე, რამდენად არის დაცული კანონის უზენაესობა, რადგან თქვენ ამ პარლამენტშიც მუდმივად ადევნებთ თვალყურს დებატებს, რომ ეს თემა არასდროს არაა მეორეხარისხოვანი და მუდმივად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ასე რომ, ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ყველაზე მთავარი და სიმბოლური გზავნილია, რომ ისინი არიან სამეზობლო, რომელთა გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ვმსჯელობთ, რაც მაგალითად, გუშინ წინადადების სახით, მაგიდაზე საერთოდ არ იდო“, – განაცხადა ჟელიანა ზოვკომ.