ევროპარლამენტარი ანა გომესი „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა

13:05, 05.10.2018

ევროპარლამენტარი ანა გომესი „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოკვლევა სჭირდება.

მისი თქმით, უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„პირველ რიგში, რა ინფორმაციაც მაქვს „შავი ზღვის უნივერსიტეტზე“, ვიცი, რომ მას ერთი წლით შეუზღუდეს პირველკურსელების, სტუდენტების ნაკადის მიღება და ეს საჭიროებს გამოკვლევას, გამოძიებას. მე ვხედავ ამ საკითხში რაღაც უსამართლობას იმ მხრივ, რომ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს ასეთ დისკრიმინაციას. აქ სწორედ ამისთვის ვარ, რომ ეს საკითხი საფუძვლიანად იქნას გამოკვლეული“ – განაცხადა ანა გომესმა.

ევროპარლამენტარი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ მოვლენებსაც ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებს ხელს მნიშვნელოვნად უშლის.

„მე ვხედავ მსგავსებას ტელეკომპანია „იბერიასა“ და „შავი ზღვის უნივერსიტეტთან“ მიმართებით, რადგან როგორც „შავი ზღვის უნივერსიტეტში“, ისე ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობაში ცდილობენ ხელმძღვანელობის შეცვლას და გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების შექმნას. პასუხისმგებელმა პირებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ და გამოიძიონ ეს საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი მიდგომები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი