ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც პარლამენტის გარეთ ხარ
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც პარლამენტის გარეთ ხარ

ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც შენ პარლამენტის გარეთ ხარ, – ეს განცხადება პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, პირადად არაერთხელ მიმართა ორივე მხარეს, მოიძებნოს კონსენსუსი.

„შეშფოთებული ვარ პარლამენტის ბოიკოტის შესაძლებლობით, რადგან ჩემი პოლიტიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა პლურალიზმისთვის. ძალიან რთულია, იყო სანდო და კონსტრუქციული ოპოზიცია, როდესაც შენ პარლამენტის გარეთ ხარ. მაგრამ ცხადია, ყველაფერი პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული. პარლამენტის გარეთ დარჩენა ორივე მხარისთვის ნიშნავს დაძაბულობისა და კონფლიქტის გაღრმავებას. ეს კი საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, ძალიან რთულია. საქართველოს მეგობრების გადმოსახედიდან ეს ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართველების გადასაწყვეტია. როგორც წესი, უფრო მეტი გაკეთება მოეთხოვება მმართველ პარტიას. ბურთი, როგორც წესი, მათ მოედანზეა“, – აცხადებს პოლონელი ევროდეპუტატი.

მისი თქმით, პარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოდან, კენჭისყრამდეც ბევრი საგანგაშო სიგნალი მოდიოდა.

„ეს შემაშფოთებელია. იმ ადამიანებისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, ვინც თანამშრომლობს საქართველოსთან, რომელთაც აწუხებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მხოლოდ კარგი უნდა ქართველებისთვის და ზოგადად საქართველოს სახელმწიფოსთვის ყველა მისწრაფებაში, უპირველეს ყოვლისა კი, ცხადია, უსაფრთხოების სფეროში. ასევე ჩვენ გვსურს საქართველოს მოქალაქეების სოციალ- ეკონომიკური კეთილდღეობაც“, – განაცხადა ფოტიგამ.

პოლონელი ევროდეპუტატის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ის ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მოძებნოს კონსენსუსი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებს გავითვალისწინებთ. მე პირადად რამდენჯერმე მივმართე ორივე მხარეს, თუ არსებობს კანონიერი შესაძლებლობები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ცხადია, ჩემი საქმე არ არის გამოსავლის გზის მითითება, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გაწერილი ყველა საკითხი არ შესრულებულა. ამიტომ, მტკიცე რჩევა იქნება, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“, – ამბობს ფოტიგა.