ევროპარლამენტარებმა უეფა-ს მიმართეს - შეწყვიტეთ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა და არ დაუშვათ რუსეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა #1TVSPORT
ევროპარლამენტარებმა უეფა-ს მიმართეს - შეწყვიტეთ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა და არ დაუშვათ რუსეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვა #1TVSPORT

რამდენიმე ევროპარლამენტარმა უეფა-ს მიმართა რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „გაზპრომთან“ თანამშრომლობის შეწყვეტის თხოვნით, – იტყობინება sportschau.de.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ჩეფერინმა მიიღო წერილი, სადაც ევროპარლამენტარები უეფა-ს პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გადადოს, ხოლო გაზპრომთან თანამშრომლობა შეწყვიტოს.

წყაროს ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ჩეფერინს გაუგზავნეს წერილი, სადაც მოითხოვდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანკტ-პეტერბურგიდან გადატანას, ასევე, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია გაზპრომთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეტას.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა Sportschau-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უეფა-მ უნდა შეწყვიტოს სპონსორობის კონტრაქტები რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთიდან სხვაგან გადაიტანოს.

„უეფა-ს ბევრი ვარიანტი აქვს: შეწყვიტოს გაზპრომთან სასპონსორო კონტრაქტები, რუსი ოფიციალური პირები გარიცხოს კომიტეტებიდან და ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანკტ-პეტერბურგში გამართვა არ დაუშვას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

დეპუტატმა მოითხოვა უეფა-ს აღმასკომის სპეციალური სხდომის მოწვევა, რომელშიც შედიან რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი, გამგეობის თავმჯდომარე და გაზპრომ ნეფტის გენერალური დირექტორი ალექსანდრე დიუკოვი:

„უეფა-მ რეალურად უნდა მიიღოს ყველა ზომა ომის შესაჩერებლად, მაშინაც კი, თუ ამით (ფინანსური) ზიანი მიადგება“.

გაზპრომი არის რამდენიმე რუსული და უცხოური სპორტული კლუბის, ასევე რუსული და საერთაშორისო ტურნირების სპონსორი. კერძოდ, კომპანია არის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორი, ასევე გახდა 2024 წელს გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მთავარი სპონსორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ე.წ. წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა აუკრძალა სახელმწიფო კორპორაცია VEB-ს (რომელიც მოსკოვის ცსკა-ს მთავარი სპონსორია) ქვეყანაში მოღვაწეობა და გაყინა კომპანიის აქტივები, რომლებიც მის იურისდიქციაშია. ახლა სახელმწიფო კორპორაცია ფლობს მოსკოვის ცსკა-ს აქციების ¾-ს. ასევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უეფა-ს, სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარების გამო რუსული სპორტისთვის სანქციების დაწესებას აპირებს.