ევროპარლამენტის ანგარიში - ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და არსებით გადახედვას საჭიროებს
ევროპარლამენტის ანგარიში - ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და არსებით გადახედვას საჭიროებს

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები გადასახედია.

კერძოდ, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა და არსებით გადახედვას საჭიროებს.

ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ თურქეთი ბლოკის ღირებულებებსა და ნორმებს სცილდება და თუ მიმდინარე ნეგატიურ ტენდენციას არ შეცვლის, კომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად უნდა შეაჩეროს.

ანგარიშის მიხედვით, დეპუტატები თურქეთის ინსტიტუციონალურ რეფორმებს აკრიტიკებენ და შეშფოთებული არიან „საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ინტერპრეტაციით“, რაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობასა და „საპრეზიდენტო ძალაუფლების ჰიპერცენტრალიზაციაზე“ მიუთითებს.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, დეპუტატები შეშფოთებული არიან თურქეთის მტრული საგარეო პოლიტიკით, მათ შორის საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, აგრეთვე სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებში მისი მონაწილეობით, რაც ევროკავშირის პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.

მოხსენებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 480-მა წევრმა, 64 წინააღმდეგ წავიდა, 150-მა კი თავი შეიკავა.