ევროპარლამენტარები - რუსეთს მას შემდეგ დაველაპარაკოთ, რაც გაიყვანს ჯარებს საქართველოდან, უკრაინიდან და დნესტრისპირეთიდან
ევროპარლამენტარები - რუსეთს მას შემდეგ დაველაპარაკოთ, რაც გაიყვანს ჯარებს საქართველოდან, უკრაინიდან და დნესტრისპირეთიდან

ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, რომელიც პუტინის რუსეთის წინააღმდეგია. ჩვენ ვმსჯელობთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ რუსეთის მიმართ, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და გამოიყენა ქიმიური იარაღი. ჩვენ უნდა ავამოქმედოთ „მაგნიტსკის სია“ იმისათვის, რომ რუსეთს ბარიერი შევუქმნათ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა გომესმა.

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დღევანდელი რუსეთის ბუნების კარგად გაანალიზება.

„რუსეთის ხელისუფლებას ეშინია დემოკრატიის და ეშინია მოქალაქეების. ეს არის მიზეზი იმის, რომ რუსეთს სურს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის უგულვებელყოფა მეზობელ სახელმწიფოებშიც და ევროპაშიც. რუსეთს სურს ძალის გამოყენების დემონსტრირება. ამიტომ, ჩვენ ვნახეთ სოლსბერი, სირია, საქართველო, მიმდინარე ომი უკრაინაში, დეზინფორმაცია, დესტაბილიზაცია, რუსეთის მოქალაქეების მკვლელობა რუსეთში და უცხოეთში. ეს არის ნიშნები იმ რეჟიმის, რომელსაც ეშინია და იყენებს კრიმინალურ ქმედებებს. ჩვენი პასუხი ასეთი უნდა იყოს – ჩვენ ვიცით რას აკეთებთ, ჩვენ ვიცით, თუ ვინ აკეთებს და უნდა ვუთხრათ, რომ დავსჯით კრიმინალურ ქმედებებისთვის, გავამკაცრებთ სანქციებს იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია დემოკრატიის უგულებელყოფისკენ. ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებთ, როდესაც თქვენ ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებთ. ჩვენ ვართ ძლიერი და თქვენ ხართ სუსტი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა.

პარლამენტარებმა რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად წინაპირობები დაასახელეს.

„საკმაოდ ნათელია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან მიმართებაში არ აქვთ საერთო პოზიცია. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ჩვენ დაველაპარაკოთ რუსეთს მას შემდეგ, რაც რუსეთი გაიყვანს ჯარებს დნესტრისპირეთიდან, უკრაინიდან, შეწყვეტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ასოცირებულ სახელმწიფოების საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის დაშინებას. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა დორუ- კლაუდიან ფრუნზულიკამ.