ევროპა ლიგის მატჩები საქართველოს პირველ არხზე - „დინამო“ და „ჩიხურა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთვებიან
ევროპა ლიგის მატჩები საქართველოს პირველ არხზე - „დინამო“ და „ჩიხურა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთვებიან

დღეს, „უეფას“ (UEFA) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბერდინს“.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, ფელის ვისენტეს განცხადებით, „გაბალა“ რთული მეტოქეა და მისი აზრით, გამარჯვებულის ვინაობა ორი მატჩის ჯამში გაირკვევა.

„ძლიერი შემადგენლობით ვემზადებით. ტრავმირებული არავინაა. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლას ვაპირებთ, ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, რადგან „გაბალა“ ძლიერი გუნდია. დაპირისპირება ორმატჩიანია და ვფიქრობ, გამარჯვებულს ერთი თამაში ვერ გამოავლენს. ჩვენ შევეცდებით სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ, რომ საპასუხო მატჩის წინ კომფორტული მდგომარეობა შევიქმნათ“, – განაცხადა ვისენტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

„ჩიხურას“ შანსი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ შეაფასა:

აბერდინი“ ტრადიციული და ძლიერი გუნდია, ფავორიტად მათ მივიჩნევ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შოტლანდიელებს აქვთ გარკვეული მინუსები და ვეცდებით შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპიროთ. მეტოქის რიგებში გამორჩეული ფეხბურთელი ფერგიუსონია და მათ სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ. იმედია, ტრიბუნები გაივსება“.

გაბალა“-„დინამოს“ დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო „ჩიხურა“-„აბერდინი“ კი 21:45 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.