ევროპა ლიგა - „დინამო თბილისი“ და „ჩიხურა“ განმეორებით მატჩებს დღეს გამართავენ
ევროპა ლიგა - „დინამო თბილისი“ და „ჩიხურა“ განმეორებით მატჩებს დღეს გამართავენ

დღეს, 1 აგვისტოს, „უეფას“ (UEFA) „ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრებს ორი ქართული გუნდი – „დინამო თბილისი“ და საჩხერის „ჩიხურა“ გამართავენ.

აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ სტუმრად მოპოვებული კომფორტული გამარჯვების შემდეგ (2:0), „დინამოელებს“ დღეს შედარებით იოლი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ეთერში ხილვას მაყურებლები პირველი არხის საშუალებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება.

რაც შეეხება „ჩიხურას“, ზემოიმერლებმა შოტლანდიური „აბერდინის“ წინააღმდეგ პირველი მატჩი შინ გამართეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. დღეს კი, თბილისის დროით 23:45 საათიდან, შეეცდებიან საკმაოდ რთული ამოცანა გადაჭერან და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

წარმატების შემთხვევაში, „ჩიხურა“ მესამე საკვალიფიკაციოზე ხორვატულ „რიეკას“ შეხვდება.